რომელიც წევრ-კავშირი მრავლობით რიცხვში უნდა იყოს, როცა სიტყვა, რომელსაც ის მიემართება (ხსნის), მრავლობითშია. მნიშვნელობა არა აქვს, ეს სიტყვა სულიერი საგნის აღმნიშვნელი იქნება თუ უსულოსი. სწორია: ადამიანები, რომლებიც და არა ადამიანები, რომელიც; ხეები, რომლებიც და არა ხეები, რომელიც. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ, თუ წევრ-კავშირი რომლებიც უსულო საგანთა სიმრავლეს გამოხატავს, მასთან დაკავშირებული ზმნა-შემასმენელი მრავლობითში კი არა, მხოლოობითში იქნება, განსხვავებით სულიერ საგანთა სიმრავლის გამოხატვისაგან. მაშასადამე, სწორია: ხეები, რომლებიც იდგა და არა ხეები, რომლებიც იდგნენ; თუმცა სწორია: ადამიანები, რომლებიც იდგნენ და არა ადამიანები, რომლებიც იდგა. |